იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი თანახმაა, მუშაობა გაგრძელდეს კონსტიტუციაში კერძო საკუთრების მუხლის სრულყოფასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება ადეიშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
საკითხი ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დასვა და აღნიშნა, რომ არსებობს ხელისუფლების თანხმობა კერძო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით, მეტი გარანტიის ჩადებაზე და დაინტერესდა, ხელისუფლება არის თუ არა მზად აღნიშნული პირობის შესასრულებლად.
ადეიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ აკმაყოფილებს ოპოზიციას კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით პროექტში ჩადებული "სამართლიანი ანაზღაურების ნორმა", თუმცა დასძენს, რომ ხელისუფლება მზად არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდეს.
"სამართლიანი ანაზღაურების ინსტიტუტი ბევრ ქვეყანაში არსებობს და ეს თანხვედრაშია ევროპულ კონსტიტუციებთან, მაგრამ თუ არ გაკმაყოფილებთ და გინდათ ამ საკითხზე კიდევ ვიმუშაოთ, პრობლემა არ არის", - განაცხადა ადეიშვილმა.