იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის მეთაურს ნიშნავს სწორედ აჭარის არჩევითი ორგანო და მისთვის გაუგებარია ოპოზიციის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, თითქოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ამის უფლება არ გააჩნია. ეს განცხადება ადეიშვილმა დღეს რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დასვა. როგორც მან განაცხადა, გაუგებარია, როდესაც ხდება თვითმმართველობის გაძლიერება, რატომ რჩება კონსტიტუციაში მუხლი, რომ ავტონომიის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური დანიშნოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ.
ადეიშვილმა განმარტა, რომ აჭარის მთავრობის მეთაურს ცენტრალური ხელისუფლება კი არ ნიშნავს, არამედ კანდიდატურას არჩევს აჭარის არჩევითი ორგანო და შემდეგ მისი დამტკიცება ხდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ. ეს კი ადეიშვილს აუცილებელ პირობად მიაჩნია.
"ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უფლება, გარკვეული მონაწილეობა მიიღოს ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ფორმირებაში, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს ისე, თუ არ ექნება ამ ადამიანს აჭარის არჩევითი ორგანოს ნდობა. ამიტომ ოპოზიციის პროტესტი გაუგებარია", _ აცხადებს ადეიშვილი.