აზერბაიჯანი მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში და სომხური მხარის პასუხს ელის. ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
"ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები კეთილსინდისიერების პრინციპზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრისათვის. ის ეტაპობრივი მიდგომები კონფლიქტის მოგვარების საკითხში, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წლის დეკემბერში წარმოადგინა ეუთოს მინსკის ჯგუფმა აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე მიიღო. სამწუხაროდ, სომხური მხარე შეთავაზებულ კონკრეტულ წინადადებებზე კონკრეტული პასუხის გაცემას ჯერ კიდევ წელავს", _ განაცხადა ილჰამ ალიევმა.
სიტყვით გამოსვლის დროს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისადმი კუთვნილება და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ოთხი რეზოლუციაც გაიხსენა, რომლებშიც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობაა აღიარებული.
ამას გარდა, სიტყვით გამოსვლის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე შეეხო აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზრებისათვის გაზისა და ნავთობის მიწოდების საკითხსაც. მან განაცხადა, რომ მის ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს ბუნებრივი აირის მარაგი 2 ტრილიონი კუბური მეტრის ოდენობით და შესაძლო მარაგი, რომელიც დაახლოებით 5 ტრილიონი კუბური მეტრია.