სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვილლებების საზოგადოებრივი განხილვის პროცედურა განსაკუთრებული ყურადღებით და სერიოზულობით ჩატარდა და მისთვის ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია. ამის შესახებ განცხადება დემეტრაშვილმა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც პირველი მოსმენით განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.
დემეტრაშვილი აღნიშნავს, რომ ეს შენიშვნები პროექტში უკვე მეორე მოსმენისას აისახება. რაც შეეხება პირველი მოსმენით განსახილველ პროექტს, დემეტრაშილი რამდენიმე არსებით მომენტს გამოყოფს. იგი პარლამენტის როლის გაძლიერებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს გადალახვის შესაძლებლობა უადვილდება.
დღეს მოქმედი კონსტიტუციით პარლამენტს ვეტოს გადალახვა კანონპროექტთან დაკავშირებით შეუძლია ხმების 3/5-ით. საკონსტიტუციო ცვილლებების პროექტში კი ამისათვის საჭიროა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. დემეტრაშვილი აქცენტს აკეთებს უნდობლობის კონსტრუქციულ ვოტუმზე.
"მიმაჩნია, რომ უნდა ვიფიქროთ ვადების რაციონალიზაციაზე და პროცესის მიზანშეწონილობაზე", - აცხადებს დემეტრაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი საკითხია როგორც ქართველი ექსპერტების, ასევე ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ წინასწარ შენიშვნებში.