აჭარის ტურისტულ რუკაზე მალე ახალი ტურისტული მიმართულება გაჩნდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში, მდინარე დეხვაზე განთავსებული წიოქას ჩანჩქერის მიმდებარედ გასართობი და მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ზღვაზე დასვენების პარალელურად ტურისტს შეუძლია ქობულეთის სოფლებს ესტუმროს და სხვადასხვა ტურისტული ატრაქციები დაათვალიეროს.
სოფელ დაგვაში მდებარე წიოქას ჩანჩქერი კერძო პირის საკუთრებაშია და როგორც ტერიტორიის მესაკუთრე აცხადებს, მის საკუთრებაში განთავსებული ჩანჩქერის მოსანახულებლად ტურისტები ხშირად დადიან, თუმცა ირგვლივ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის, რომ ტურისტებმა დაისვენონ და ამ ულამაზეს ბუნებაში უფრო მეტი ხანი დაჰყონ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ქობულეთის ტერიტორიაზე კიდევ ბევრი ჩანჩქერია და მალე მათი მარკირება და მათთან მისასვლელად ტურისტული ბილიკების მოწყობა მოხდება
„ქობულეთის მუნიციპალიტეტი საკმაოდ მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს რომ ზღვასთან ერთად აქვს ეროვნული პარკები, ულამაზესი სოფლები, რომლებიც ზღვასთან ახლოს მდებარეობს და ასევე ძალიან მდიდარი კოლხური ფლორა და ფაუნა. მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2 ეროვნული პარკი და ერთი დაცული ტერიტორიაა.
გარდა ამისა ბევრ სოფელში არის ჩანჩქერი, ტბა, ლამაზი გადასახედი ადგილები, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო იკვლევს და შეაქვს ტურისტულ ადგილებში.
ტურისტული პროდუქტების სააგენტოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სწორედ წელს აქვს პროექტი, რომელიც გულისხმობს ქობულეთის სოფლების შესწავლას, კვლევების ჩატარებას და ყველა იმ ტურისტული პოტენციალისა და ლოკაციების გამოკვლევას რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს.
ჩანჩქერი სწორედ, რომ ახალი ტურისტული მიმართულებაა, სადაც ტურისტული ბილიკის მოწყობას ვგეგმავთ“, აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.
თინათინ ზოიძე განმარტავს, რომ დეპარტამენტის მხრიდან მაქსიმალურად მოხდება იმ მეწარმეების ხელშეწყობა და დახმარება, რომელთაც ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის სურვილი გაუჩნდებათ. დეპარტამენტი მათ საკონსულტაციო მომსახურეობას გაუწევს, რათა ისინი სხვადასხვა პროგრამების, მათ შორის „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ.
როგორც ცნობილია, აჭარის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ი დაცულ ტერიტორიებს, ნაკრძალებს და ნაციონალურ პარკებს უკავიათ. მათი უმრავლესობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, რომელიც გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. ქობულეთის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმითაც, რომ მასში შერწყმა ხდება როგორც პარკების იშვიათი სილამაზის, ასევე საშუალება გეძლევათ დაისვენოთ ზღვაზეც. პლიაჟი ქობულეთის მთელ ზღვისპირა ზოლს იკავებს. პარკები და დაცული ტერიტორიები იძლევიან შესანიშნავ შესაძლებლობას, როგორც ტურისტული ლაშქრობებისთვის, ასევე სამეცნიერო სამუშაოების წარმართვისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ათეულობით მეცნიერი და ასობით ტურისტი სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე უნიკალურია ისპანის ტორფნარები.
ძირითადი აქტივობები ქობულეთში:
1. მოინახულებთ თაღოვან ხიდებს კინტრიშის ხეობაში;
2. დააგემოვნებთ ტრადიციულ ქობულეთურ კერძებს, როგორიცაა იახნი და ქობულეთური ბორანო;
3. გადაიღებთ დასამახსოვრებელ პანორამული ფოტოებს პეტრას ციხიდან მშვენიერი ხედების ფონზე;
4. იცურავებთ მტირალას ეროვნულ პარკის მთის კამკამა მდინარეში;
5. დააკვირდებით ფრინველების გადაფრენას სპეციალურად მოწყობილი პლატფორმებიდან;
6. რათქმაუნდა იბანავებთ ზღვაზე.
ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები:
ცხემვანას და კობალაურის თაღოვანი ხიდი ( XII),
პეტრას ციხე(VI),
ფიჭვნარის ნაქალაქარი,
სხვადასხვა პერიოდში ნაგები ტაძრების ნანგრევები,
ტბიყელის ტბა,
წაბლნარის ჩანჩქერი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მტირალას ეროვნული პარკის ბუფერული ზონის სასტუმრო სახლებში - სოფელი ჩაქვისთავში, ასევე სოფელ ჩაისუბნის სასტუმრო სახლებში -შუამთასა და სახალვაშოში შესაძლებელია ღამის გათევა ერთი ან თუნდაც რამდენიმე დღით, დასვენება და აჭარული სოფლის ყოველდღიური ყოფის შეგრძნება.
განთავსების ღამისთევის სამჯერადი კვებით ფასი 50 ლარიდან
მარკირებული საფეხმავლო მარშრუტები:
მტირალას პარკში წაბლნარასა 7კმ. და ცივწყაროს საფეხმავლო მარშრუტები 15 კმ. მარშუტი კინტრიშის ხეობაში.
ტრანსპორტი: სამარშუტო ტაქსები გადიან ყოველ ნახევარ საათში ბათუმის კათოლიკურ ეკლესიასთან მდებარე მოედნიდან და ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან მის: მაიაკოვსკის ქ. №1 მგზავრობის ღირებულება: 1.50 ლარი