კახეთის რეგიონში პოლიციის განყოფილების 5 ახალი შენობა აშენდა. საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, სიღნაღის რაიონის დაბა წნორში, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში და დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში პოლიციის გამჭვირვალე შენობებს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს გახსნის.
„განყოფილებებში პოლიციელები მუშაობას განაგრძობენ სრულიად ახალი და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ოფისებში. თვის ბოლომდე ანალოგიური ოფისების გახსნა იგეგმება საქართველოს სხვა რეგიონებშიც", - აღნიშნეს შს სამინისტროში.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი დანაყოფების თანამშრომლების სამუშაო პირობებისა და მოსახლეობის დახმარების გაწევის გაუმჯობესებას.
პოლიციის განყოფილებების ახალი შენობების აშენება მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაცით, საერთო ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.