შტადლერის ტიპის მატარებლებში სადგურების შესახებ ინფორმაცია რუსულ ენაზე 4 თვეა არ ცხადდება. მატარებლებში სადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით ცხადდებოდა სამ ენაზე, აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზა" მუდმივად ზრუნავს მგზავრთა მაქსიმალურ კომფორტზე და ცდილობს დახვეწოს და განავითაროს სერვისები.
"შტადლერის ტიპის მატარებლებში მოახლოებული სადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით ცხადდებოდა სამ ენაზე, რაც განცხადებების ხანგრძლივობის გამო მგზავრებში იწვევდა უკმაყოფილებას და დისკომფორტს. შესაბამისად, თითქმის 4 თვეა სს "საქართველოს რკინიგზამ" მიიღო ტექსტის შემოკლებისა და გამოცხადების ინტენსივობის შემცირების გადაწყვეტილება.
ვაცხადებთ, რომ ვინაიდან ოთხი თვეა შტადლერის სამგზავრო მატარებლებში შემცირებული ტექსტი ნაკლები ინტენსივობით ცხადდება მხოლოდ ქართულ და საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისურ ენებზე, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად,
სს "საქართველოს რკინიგზის" აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით და არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს", აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.