სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სესხების პორტფელის ზრდა 13%-ის ფარგლებშია, რაც წინასწარ იყო პროგნოზირებული. კობა გვენეტაძის თქმით, გამოცდილება, რომელიც რეგულაციების ამოქმედებიდან დაგროვდა, საშუალებას იძლევა, კომერციულ ბანკებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების მხრივ მეტი თავისუფლება მიეცეს.
„თუ მთლიანად წლიურ ზრდას შევხედავთ, მაჩვენებელი საკმაოდ კარგია. კომერციულ ბანკებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, გვქონდა შეხვედრები საბანკო ასოციაციასთან, დეველოპერებთან. გამოცდილება, რომელიც დაგროვდა, იძლევა საშუალებას, რომ ბანკს მეტი თავისუფლება მიეცეს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმებაში“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ გადამხდელები გადახდებს აწარმოებენ და შესაბამისი ინფორმაცია მათ ისტორიაში ინახება.
"თუ ისინი აჩვენებენ, რომ კარგად იხდიან, ეს შესაძლებელია, გამოყენებული იყოს, როგორც შუალედური მაჩვენებელი შემოსავლების დადასტურებაში. ეს უფრო რელევანტურია იმ შემთხვევაში, როდესაც ახალმშენებარე ბინებზე ვსაუბრობთ. იმ შემთხვევაში, თუ თანხის 20 პროცენტის წინასწარი დადება იქნება, მათ აქვთ კარგი ისტორია და მსესხებლები გადაიხდიან ვალდებულებებს, ბანკებს საშუალება აქვთ, ეს გაითვალისწინონ შეფასებაში. დებულება იძლევა ამის საშუალებას. ეს არ ყოფილა დებულება, რომელიც ხელს უკრავს ფინანსურ ორგანიზაციებს. ერთ-ერთ მუხლში არის აღწერილი, რომ შესაძლებელია ამ მოდელის გამოყენება. ეს არის მექანიზმი, რომლის საშუალებით ვნახავთ, რამდენად კარგად ხდება შეფასება“, – აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი.