საქართველოს უახლოეს მომავალში ევროპული ტიპის კონსტიტუცია ექნება. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. როგორც შეხვედრამდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, მათ უმრავლესობის წევრებისთვის უნდა გაეცნოთ ის ძირითადი შენიშვნები, რაც პროექტთან დაკავშირებით არსებობს. მათ შორის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი.
დემეტრაშვილს იმედი აქვს, რომ აღნიშნულ საკითხს უმრავლესობა გაითვალისწინებს. თუმცა შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის მხრიდან კომენტარები გაკეთდა მხოლოდ იმ საკითხზე, რომ აღნიშნული პროექტის მიღება არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს და გამოწვევებს პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს 23 სექტემბერს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. 24 სექტემბრისთვის კი დანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სესია, სადაც აღნიშნული პროექტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული.