აშშ-ში კალიფორნიის შტატის ქალაქ ბელში სამართალდამცავებმა კორუფციისა და ხაზინის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისთვის, ასევე ამომრჩეველთა მოტყუებისთვის ქალაქის ყოფილი და მოქმედი 8 თანამდებობის პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ჩინოვნიკების შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად აღემატებოდა აშშ-ს მთავრობის წევრების ხელფასებს, რამაც ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ კალიფორნიაში ხმაურიანი სკანდალის პროვოცირება მოახდინა.
უნდა აღინიშნოს, რომ შტატმა 1-ელ ივლისს ახალი საფინანსო წელი ბიუჯეტის დამტკიცების გარეშე დაიწყო, მაშინ როდესაც დეფიციტი 19 მილიარდი დოლარით განისაზღვრება.
ლოს-ანჯელესის სამხარეო პროკურორის სტივ კულის განცხადებით, საუბარია კორუფციის დიდ მასშტაბებზე.
მან ასევე განაცხადა, რომ დაკავებულებს შორისაა ქალაქ ბელის მერი ოსრაკ ერნანდესი.
ქალაქის მერისა და სხვა ჩინოვნიკების დაკავებას ქალაქის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პოლიციის შეფის და საქალაქო საბჭოს რამდენიმე წევრის გადადგომა მოყვა. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი წელიწადში 787,6 ათას დოლარს (პრემიის გათვალისწინებით კი 1,5 მილიონ დოლარს) იღებდა, რაც ორჯერ მეტია აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ხელფასზე.