„ჭიათურაში ჩვენ საქმე გვქონდა საკმაოდ ეფექტურ მედიაციასთან, რაც განახორციელა სახელმწიფომ. ჩვენ ჩავერთეთ, როგორც მედიატორები გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის. ამასთან, ჩავერთეთ იმ ეტაპზე, როდესაც დავინახეთ, რომ გაჭირდა მხარეებს შორის კომუნიკაციის დამყარება და ჩასვლა და მედიაციაში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
„ჭიათურისა და ზესტაფონის საწარმოები ქმნიან უდიდეს სისტემაშემქმნელ კომპლექსს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დამსაქმებელია. გარდა ამისა, ჭიათურაში საქმიანობს სახელმწიფოს მიერ წარგზავნილი დროებითი მმართველი. ამასთან, გადასაწყვეტი იყო ისეთი საკითხები, რომელთა გამოც განსაკუთრებით მომთხოვნი ვიქნებით ამ ინვესტორთანაც და სხვებთანაც, საუბარია, შრომის ღირსეულ პირობებზე, ჯანდაცვის და დაზღვევის პირობების, აგრეთვე კვების გაუმჯობესებაზე და სხვ," - განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა მედიაციის პროცესში მონაწილე ორივე მხარის - კომპანიის მენეჯმენტისა და გაფიცული მაღაროელების პასუხისმგებლიან მიდგომაზე, რომლის შედეგადაც მედიაცია წარმატებით დასრულდა. „ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიმდინარეობს შეთანხმების პირობების შესრულება," - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ჭიათურის საწარმოს კომპლექსური შემოწმება არ განხორციელებულა.
„ჩვენი პოზიციაა, რომ პრიორიტეტს ვანიჭებთ შრომის ღირსეულ პირობებს და დასაქმებულების ინტერესების დაცვას. თუმცა ჩვენი ჩარევები უნდა იყოს დოზირებული და არგუმენტირებული. ჩვენ საშუალება უნდა მივცეთ კერძო ბიზნესს, ისწავლოს საკუთარ დასაქმებულებთან საუბარი და მსგავსი ტიპის ექსცესები არ დაუშვას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.