ქართული ღვინო, 7-9 ივნისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე Balkans International Wine Competition and Festival-ზე წარდგა. ქართული ღვინის Balkans International Wine Competition and Festival-ზე პოზიციონირება ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ხდება. როგორც ბულგარეთში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი თამარ ლილუაშვილი აცხადებს, ამჯერად ფესტივალზე ორი მწარმოებლის სხვადასხვა დასახელების ღვინოა წარმოდგენილი, ესენია ბურჯანაძე-შანიძის ღვინის მარანი „ქიბარი“ და საოჯახო მარანი „ვინორუმი“.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია მოვახდინო. თუ კი საზღვარგარეთის ბაზრებზე ქართულ პროდუქციას გაიცნობენ და მას მეტი მომხმარებელი გაუჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ჩვენს სავაჭრო ბალანსს მხოლოდ დადებითად წაადგება. 
საქართველო ღვინის სამშობლოა და მეღვინეობა ჩვენი ტრადიციული დარგია. მნიშვნელოვანია, რომ მეღვინეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიებიც დაინერგოს, თუმცა არა არსებული ტრადიციების დაკარგვის ხარჯზე. მიმაჩნია, რომ ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე სულ მალე თავის სათქმელს იტყვის და ამით საქართველოს ცნობადობა მსოფლიო არენაზე კიდევ უფრო გაიზრდება“, აცხადებს თამარ ლილუაშვილი.
ელჩის თქმით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ასევე, ქართული სამზარეულოს მასტერკლასი, რომელსაც შეფ მზარეული თამთა ხალვაში წარადგენს. ასევე დაგეგმილია ქართული ღვინის თანხლებით სპეციალური ვახშამი.
„მსგავსი ღონისძიებები არის საუკეთესო საშუალება ბულგარელებს გავაცნოთ ქართული კულინარია და ქართული ღვინო“,- ამბობს თამარ ლილუაშვილი.