საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა.
გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე მედიით გავრცელდა ჯერ კიდევ არასაჯარო დოკუმენტის პოლიტიკურად ინტერპრეტირებული ვერსია და გამოითქვა მოსაზრება, თითქოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.
სამინისტრო თავს ვალდებულად მიიჩნევს, არ შეუწყოს ხელი თემის გარშემო თავისუფალი ინტერპრეტაციებისა და ინსინუაციების გაჩენას. იმისათვის, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება არ იქნეს გამოყენებული მოკლევადიანი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, ერთდღიანი ხმაურიანი ბრიფინგების თემად და საფუძველსმოკლებული მოლოდინების შესაქმნელად, იუსტიციის სამინისტრო განმარტავს: როგორც იუსტიციის სამინისტრო 5 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, მიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი საერთოდ არ განიხილა.
ადვოკატებმა ამ საკითხის განხილვის მოთხოვნით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ორგზის მიმართეს − მიმდინარე წლის 3 და 29 მაისს (იხ. დანართი 2 და დანართი 3); გარდა ამისა, როგორც იუსტიციის სამინისტრო 5 ივნისის განცხადებაში აღნიშნავდა, მინისტრთა კომიტეტმა მოიწონა, რომ 2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე განახლებული გამოძიების ფარგლებში ივანე მერაბიშვილს მიეცა წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის ბრძანების შესაბამისად, 2019 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით − 30 დღით გახდება შესაძლებელი; ამ ბრძანების 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იმპლემენტაციის პროცესი დაიწყება 2019 წლის 1 ივლისს და დასრულდება 2021 წლის 1 იანვრამდე; პარლამენტმა დაამტკიცა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას სამოხელეო დანაშაულებზე.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მერაბიშვილის საქმის შემდგომი განხილვა 2019 წლის სექტემბრის სხდომაზე აღარ გაიმართება და მას მინისტრთა კომიტეტი მოგვიანებით დაუბრუნდება.
შემდეგ სხდომას კომიტეტი გამართავს 23-25 სექტემბერს, მერაბიშვილის საქმეზე ინფორმაციის წარდგენის ვადად კი, საქართველოს მთავრობას განესაზღვრა 30 სექტემბერი. შესაბამისად, ქართული მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვას ევროპის საბჭო მხოლოდ სექტემბრის სხდომის შემდეგ დაიწყებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ გავრცელებული ყველა ეს ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეფასებებთან (იხ. დანართი 1). იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებსა და მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატებს, დაიცვან მსჯავრდებულის ინტერესები, ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ მას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტის შესახებ და თავი შეიკავონ ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციებისაგან.