დღეიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს ახალი მოთამაშე შეემატება. უკრიანული "ლოუკოსტერი" SkyUp Airlines-ი ხარკოვიდან და ოდესადან ქუთაისის მიმართულებით იწყებს ფრენებს.
პირდაპირი რეგულარული რეისები ოდესადან და ხარკოვიდან ქუთაისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800 შესრულდება. როგორც ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი ევგენი ხაინადსკი აცხადებს, ქუთაისის მიმართულებას პერსპექტიულ ჭრილში უყურებენ და დღევანდელი მონაცემებით, ბათუმისგან განსხვავებით, ქუთაისის მიმართულებით ფრენები მთელი წლის განმავლობაში გასტანს.
"ჩვენი ავიაკომპანიის სტრატეგიაა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ავიამიმოსვლა კიდევ უფრო გააღრმავოს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ფრენები კიევი-თბილისის მიმართულებაზე. ესაა პირველი რეგულარული მიმართულება, რომელმაც ჩვენი ქვეყნები დააკავშირა. დავიწყეთ ასევე კიევი-ბათუმის ავიარეისები. გვესმის, რომ ეს სეზონური ფრენებია.
ჩვენ ასევე ვუყურებთ საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალმხრივ ურთიერთობებს და ჩვენი რეგიონალური აეროპორტებისათვის ქუთაისის მიმართულება ეს პირველი ნაბიჯია. ქუთაისის აეროპორტში ვხედავთ პერსპექტივასა და პოტენციალს წლის განმავლობაში ფრენებისთვის. ზაფხულის პერიოდში მგზავრებს შესაძლებლობა ეძლევათ გადაადგილდნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო ზამთრის პერიოდში კი სამთო-სათხილამურო კურორტებისა თუ სხვა ტურისტული მიმართულებებით", აღნიშნა SkyUp Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა.
SkyUp Airlines-ს ავიაბაზარზე ოპერირების 1 წელი მაისში შეუსრულდა და არსებული სტატისტიკური მონაცემებით, ამ ხნის განმავლობაში ავიაკომპანია 870 ათას მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის მაისში SkyUp Airlines-მა ფრენები 10 მიმართულებით დაიწყო, დღეს კი 31 რეგულარულ და 15 ჩარტერულ მარშრუტზე ოპერირებს. ყველაზე პოპულარულ მიმართულებად SkyUp Airlines-ის TOP-5 მიმართულებაში თბილისი მოწინავე პოზიციას იკავებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ ოპერირების დაწყება სრულ თანხვედრაშია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად ქცევა ჰქვია.
"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის. 4 ივნისიდან უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ხარკოვისა და ოდესის მიმართულებით იწყებს ავიარეისებს, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან, რომ ქუთაისი ვაქციოთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შეთავაზების ცენტრად, არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის და უცხოელებისათვის, არამედ რეგიონის პოტენციალისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ საქართველოში და კონკრეტულად ქუთაისში ოპერირების დაწყებით", აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.
აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-მა ოდესადან და ხარკოვიდან ქუთაისის რეისებზე, ბათუმის მიმართულებით ტრანსფერი ბილეთის ფასში შეიყვანა. იმისათვის, რომ SkyUp Airlines-ის მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში მოხვდეს, ბილეთის ყიდვისას შესაბამის ოფცია უნდა მონიშნოს. სერვისის უფასოდ მიღება მხოლოდ SkyUp Airlines-ის საიტზე ბილეთის ყიდვისასაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.