კომპანია „მეგა პალასი“, რომელმაც ბათუმში ზ. გორგილაძის ქუჩის ბოლოს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიმდებარედ, „მეგა პალასის“ პროექტის მშენებლობა დაასრულა, მთავრობას ხელშეკრულებაში ჩაწერილი ერთ-ერთი პუნქტის კორექტირებას სთხოვს.
ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი ვალდებული იყო „მეგა პალასში“ სასტუმროს ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში სასტუმროს პროფილის შენარჩუნება და დასაქმებულთა 90%-ის საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტება უზრუნველეყო.
"მეგა პალასი" სასტუმროსთან ერთად, კომერციულ ფართებსაც აერთიანებს და ამ ფონზე კომპანია „მეგა პალასმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ოფიციალური წერილით მიმართა და მოითხოვა იმ ფართების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან გათავისუფლებას, რომლებიც არ განეკუთვნება სასტუმროს.
აღსანიშნავია, რომ შპს „მეგა პალასმა“ 2014 წლის თებერვალში 1767 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 610 000 ლარად შეიძინა.
სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, ინვესტორმა ვალდებულება აიღო, რომ უზრუნველყოფთდა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში მშენებლობის ნებართვის მიღებას, მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 2 თვის ვადაში მშენებლობის დაწყებას, ხოლო არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა მშენებლობის დასრულებას და მინიმუმ 104 ნომრიანი სასტუმროს ამოქმედებას.
პროექტის განხორციელებაში, პირობების მიხედვით, ინვესტორს 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.