2018 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი მობილური ინტერნეტ მომხმარებელი „სილქნეტი|ჯეოსელს“ 1.136 მლნ ჰყავდა, მას მოსდევს „მაგთიკომი“ 976 ათასი მომხმარებლით და „ვიონი საქართველო“ - 836 ათასით.
როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ანგარიშია აღნიშნული, აბონენტთა საერთო რაოდენობაში მობილური ინტერნეტ მომხმარებლების წილის მაჩვენებლები განსხვავებულია: პირველ ადგილზე არის „ვიონი საქართველო“, მობილურ ინტერნეტს კომპანიის აბონენტების 66% მოიხმარს. ასეთი მაღალი მაჩვენებელი მობილურ ინტერნეტზე შეთავაზებული ტარიფებით და მომხმარებელთა სეგმენტითაა განპირობებული. ამავე მონაცემებით, მეორე ადგილს იკავებს „სილქნეტი“ 59%-ით და „მაგთიკომი“ - 45%-ით.
ბოლო წლების განმავლობაში მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდულად მზარდია. 2018 წელს მობილური მომსახურების აბონენტებმა 63 ათას ტერაბაიტზე მეტი მობილური ინტერნეტი მოიხმარეს. ეს მოცემულობა განპირობებულია, როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდით, ასევე, ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობისა და 4G მომსახურების განვითარებით.
2015 წელს 4G ტექნოლოგიის დანერგვასთან ერთად, იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის რაოდენობა. 2018 წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკის 65% (41 ათასი ტერაბაიტი) უკვე 4G ტექნოლოგიაზე მოდის.
2018 წელს, ისევე როგორც გასულ პერიოდში, ტრაფიკის ზრდა კვლავ უმთავრესად 4G-ს გამოყენებითაა განპირობებული. აღსანიშნავია, რომ მობილური ბაზრის გაჯერებასთან ერთად, 2018 წელს მობილური ინტერნეტის ტრაფიკის ზრდის ტემპი იკლებს.
4G ტექნოლოგიით მობილური ინტერნეტის საშუალო მოხმარების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი „ვიონი საქართველოს“ აქვს - 3გბ. მეორე პოზიციას იკავებს „მაგთიკომი“ – 2.9 გბ, ხოლო „სილქნეტი|ჯეოსელი“ - 1.2 გბ.
მიუხედავად მობილური ინტერნეტის მომხმარებლების ყოველწლიური ზრდისა, არის აბონენტების დიდი რაოდენობა, რომელიც მობილურ ინტერნეტს გარკვეული მიზეზების გამო, ვერ/არ იყენებს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სწრაფი ტემპით იზრდება მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა, რაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული:
• საქართველოს მოსახლეობის უნარ-ჩვევები თანამედროვე ტექნოლოგიების მოხმარებაში გაუმჯობესებულია და ახალგაზრდა თაობა აქტიურად იყენებს მობილურ ინტერნეტს;
• გაზრდილია სმარტ ტელეფონების, როგორც რაოდენობა ასევე მისი წილი ქვეყანაში არსებულ ყველა სახის მობილურ ტელეფონებს შორის;
• გაზრდილია მოთხოვნილება ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის წვდომაზე;
• დინამიკაში მუდმივად იცვლება მობილური მომხმარებლის ქცევა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მოხმარების კუთხით;
• სულ უფრო მეტი მომსახურება გადადის ონლაინ/ციფრულ სივრცეში, რაც თავისთავად ხელს უწყობს მოხმარების ზრდას. მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება - 2013 წლიდან 2018 წლის ბოლომდე საშუალოდ მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 6% შეადგინა. 2018 წლის ბოლო კვარტალში, ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის აბონენტების 55.2%-მა (2.95 მლნ) ისარგებლა. მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა სიმკვრივის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში კიდევ უფრო მაღალია და 2018 წლის ბოლოსთვის 79% შეადგინა.