ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ 26 მაისი არის დღე, რომელიც მთელს საქართველოს აერთიანებს. „ეს ჩვენი დღეა, რომელიც დაკავშირებულია დამოუკიდებლობასთან, წარმატებებთან, გამარჯვებასთან, ეროვნულ ღირსებასთან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
„დღევანდელ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით სამეწარმეო გამოფენებით ეგებება, სადაც ჩვენი პროგრამების არსებულ და პოტენციურ ბენეფიციარ მიკრო და მცირე მეწარმეებს საკუთარი პროდუქცია აქვთ გამოფენილი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 26 მაისს თბილისში რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო გამოფენის დათვალიერების შემდეგ.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქციის გამოფენა და იმის წარმოჩინება, თუ როგორ მუშაობენ ჩვენი დახმარებით სამეწარმეო გამოფენების მონაწილეები, არამედ ისიც, აქ მეწარმეები ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.
„2019 წლის დამოუკიდებლობის დღე სწორედ ცოდნის გაზიარებასა და მის მნიშვნელობას ეძღვნება. ჩვენ დღეს აქ სწორედ ცოდნის გაზიარების ეგიდით ვართ შეკრებილი და გამოფენაზე შეკრებილი მეწარმეები ერთმანეთს თავისი წარმატების ისტორიების მოუყვებიან და თავის პრობლემებსაც გაუზიარებენ. ჩვენ მათ მოგვარებაში დავეხმარებით, რათა მათ პრობლემები ადვილად გადალახონ და განვითარდნენ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რუსთაველის გამზირზე ასევე დაათვალიერა სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის საზღვაო აკადემიის პავილიონი, სადაც საქართველოს საზღვაო ტრადიციებსა და გამოფენილ ქართველ მეზღვაურებზე იყო მოთხრობილი.
მინისტრმა ასევე მოინახულა საქართველოს ფოსტისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოების პავილიონები მოინახულა. საქართველოს ფოსტა წარმოდგენილი იყო ინტერაქციულ ინსტალაციით „მარკებით მოთხრობილი ისტორია“, ამასთანავე დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ უსასყიდლოდ გაეგზავნათ საფოსტო ბარათები და მთელი საქართველოსთვის მიელოცათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
რაც შეეხება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კუთხეს, მინისტრი ქართველ სტარტაპერებს გაესაუბრა და მათ პროდუქტებს გაეცნო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალში.