არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ უჩვენა, რომ საავტომობილო საწვავით საცალო ვაჭრობაში ბაზრის ¾ ნაწილს 5 კომპანია ფლობს.
მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო საწვავით საცალო ვაჭრობაში რაოდენობრივად საშუალო და მცირე კომპანიები დომინირებენ, 2014-2018 წლებში 5 უმსხვილეს კომპანიაზე ბაზრის ბრუნვის საშუალოდ 73% მოდიოდა.
ვინაიდან კონკრეტული ნავთობკომპანიების ბრუნვა კომერციულ ინფორმაციას წარმოადგენს, შეუძლებელია ზუსტად იმისი ცოდნა, თუ რომელ კომპანიას რა წილი უჭირს ბაზარზე. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მეშვეობით შესაძლებელია, რომ დაახლოებითი სურათი წარმოვიდგინოთ.
ეს კომპანიები არიან:
1- შპს „რომპეტროლ საქართველო” („რომპეტროლი”)
2- შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” („სოკარი”)
3- შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია” („გალფი”)
4- შპს „ლუკოილ ჯორჯია” („ლუკოილი”)
5- სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” („ვისოლი”)
ეს ხუთი კომპანია საქართველოს მასშტაბით 542 ავტოგასამართ სადგურს ფლობს, საიდანაც 194 (36%) თბილისში მდებარეობს. ყველაზე ფართო ქსელი „ვისოლს“ და „გალფს“ აქვს.
2015-2017 წლებში აღნიშნული 5 კომპანიის წილი ნავთობპროდუქტებით საცალო ვაჭრობის ბრუნვაში მცირდებოდა: 2014 წელს ეს მაჩვენებელი 77.5% იყო, 2017 წელს - 67.5%, ხოლო 2018 წლის 9 თვის მონაცემებით მათი წილი მცირედი გაიზარდა და 68.7%-ს მიაღწია. მთლიანობაში 2014-2018 წლებში 5 უმსხვილესი კომპანიის საბაზრო წილი დაახლოებით 10 პროცენტული პუნქტით შემცირდა.