ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო და საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად დეტალურად განიხილა ყველა ის სიახლე, რაც ტურისტებს 2019 წლის ზაფხულის სეზონზე აჭარაში ელოდებათ. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში სტუმრებისა და ადგილობრივების უსაფრთხოებაზე, მიმდინარე და უკვე მოგვარებულ გამოწვევებზე.
საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სხვადასხვა საჯარო სექტორის წარმომადგენლები შედიან და მისი მიზანი 2019 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის ეფექტურად წარმართვაა.
დღესვე, ჩაინიშნა საჯარო შეხვედრა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან, რომელზეც 2019 წლის ტურისტულ სეზონის სიახლეებსა და რეგიონში წარმატებული სეზონისთვის კერძო სექტორის მზადყოფნაზე ისაუბრებენ.