უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის ინიციატივით, ოჯახში ძალადობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი მომზადდა. შემუშავებული ცვლილებების მიზანია, მეტი აქცენტი გაკეთდეს ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და პრევენციაზე.
ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, ამ კატეგორიის საქმეებზე, ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება აიკრძალება.
„პრაქტიკაში, როგორც წესი, ჯარიმის თანხა, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცელი ოჯახების შემთხვევაში, მსხვერპლს და მის შვილებს აწვებათ ტვირთად. ამდენად, მსხვერპლისა და მისი შვილებისთვის ზედმეტი ფინანსური ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოძალადეს შესაძლოა დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თავისუფლების აღკვეთა ან კანონით გათვალისწინებული სხვა სასჯელი“, - ამბობს კილაძე.
საკანონმდელო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოამზადა აშშ საელჩოს მხარდაჭერით.
ინიციატივების შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებს გადის. მისი მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება.