სსიპ "ბათუმის ბულვარი" ელექტრომობილების მეპატრონეებისთვის ალტერნატიული წინადადების შეთავაზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რა ტერიტორიებზე იქნება დაშვებული ელექტრომობილებით გადაადგილება და ტურისტებისათვის შესაბამისი სერვისების მიყიდვა.
"ელექტრომობილების გადაადგილება შესაძლებელია დაშვებულ იქნას ამფითეატრის ტერიტორიიდან გონიოს მიმართულებით არსებულ ზღვისპირა პრომენადზე.
აჭარის მთავრობა და ბათუმის ბულვარი მზადაა დაუშვას ექვსპუნქტიანი გეგმით ელექტრომობილების გადაადგილება აღნიშნულ ტერიტორიაზე.
ამასთანავე, მთავრობა მზადაა ხელი შეუწყოს ელექტრომობილების მეპატრონეებს უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში. თავის მხრივ, ბათუმის ბულვარი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად ჩაერთვება ელექტრომობილების სერვისის შესახებ საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფაში.
კერძოდ, ტურიზმის ყველა საინფორმაციო ცენტრში, განთავსდება სპეციალური ფლაერები, სადაც ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ მიიღონ ინფორმაცია ელექტრომობილით სარგებლობის პირობების შესახებ. ელექტრომობილების სერვისი დატანილი იქნება ასევე ქალაქის ტურისტულ რუკაზე, რაც ნიშნავს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებულ სარეკლამო-საინფორმაციო კამპანიებში ჩართვას. ელექტრომობილის მომსახურების შესახებ ინფორმაცია განთავსება აჭარაში ყველაზე დიდი წვდომით გამორჩეულ ორ ვებ და სოციალურ გვერდზე: gobatumi.com/visitbatumi და boulevard.ge/ბათუმის ბულვარი", აღნიშნულია "ბათუმის ბულვარის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ტრანსპორტის მოძრაობის ახალი წესი 1 მაისიდან ამოქმედდება.