საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის ფარგლებში, პროფესიული განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.
შეხვედრას, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე, განიხილეს საქართველოში ზრდასრულთა განათლების სისტემის დანერგვის საკითხი, ასევე ისაუბრეს პალატის როლზე, პროფესიული განათლების განვითარების კუთხით. როგორც პალატის პრეზიდენტმა განაცხადა, პროფესიული განათლების განვითარება, ორგანიზაციის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია.
"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც შუამავალი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, სრულად ფლობს ინფორმაციას ბიზნესის საჭიროებების შესახებ. სწორედ პროფესიული კადრების ნაკლებობა წარმოადგენს, ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს. რიგ შემთხვევებში დასაქმების ბაზარზე არსებული რესურსი, ვერ აკმაყოფილებს ბიზნესის მხრიდან კვალიფიციურ კადრებზე მზარდ მოთხოვნას. შესაბამისად, პროფესიული კადრების მომზადების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინაციას სახელმწიფოს, კერძოს სექტორსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლი კი, ამ კოორდინაციის უზრუნველყოფაა, რათა გათვალისწინებული იქნას კერძო სექტორის ინტერესები. საჭიროა პროფესიული კადრები იმ მიმართულებით და ისეთი კვალიფიკაციით მომზადდნენ, როგორც ეს პოტენციურ დამსაქმებლებს სჭირდებათ“, - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.
საინფორმაციო შეხვედრას, 100-მდე კომპანიისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, მათ საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ინფორმაცია, მათთვის საინტერესო საკითხებზე, ასევე გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.