ENG / RUS       12+

კორუფციული რისკები ჯანდაცვაში... ე.წ. „ატკატების“ თემა გააქტიურდა - სერგო ჩიხლაძე

რესპოდენტის შესახებ

სერგო ჩიხლაძე - ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

სერგო ჩიხლაძე - ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

"ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის  სპეციალისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სერგო ჩიხლაძეს.

- ბატონო სერგო, პირველი კვარტალი მიიწურა რა მდგომარეობაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. როგორც პრაქტიკა აჩვენებს ყოველწლიურად მრავალმილიონიანი დავალიანება აღინიშნება ამ პროგრამაში. შეიძლება თუ არა რომ, წელსაც  მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება?

- პირველი 3 თვის მონაცემებით, ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კვლავ დეფიციტურია. ხაზინის მონაცემებით, გამოყოფილი წლიური 754 მილიონიდან, უკვე გახარჯულია 210 მილიონი ლარი. 3 თვის ხარჯვის ტემპი აჩვენებს,  რომ წლის ბოლოს დაახლოებით, 100 მილიონი ლარის დეფიციტი შეიქმნება. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ამ თანხაში და ხარჯვის ამ  მაჩვენებელში არ შედის 4-6-თვიანი დავალიანებები სამედიცინო დაწესებულებებისადმი და სამედიცინო პერსონალისადმი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს უგროვდება ყოველწლიურად. თუ ამ ხარჯებსაც დავთვლით, დეფიციტი დაახლოებით 2.5-3 ჯერ მეტი იქნება.  

- ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის კლინიკების მიმართ სოლიდური დავალიანებების შესახებ. რა კონკრეტულ საფრთხეებს მოიცავს მსგავსი მრავალთვიანი დავალიანებების არსებობა? 

- დიდი დავალიანებები სამედიცინო დაწესებულებებს ფუნქციონირების სერიოზულ  საფრთხეს უქმნის, რადგანაც, მსგავსი მრავალთვიანი დავალიანებების შემთხვევაში,  დაწესებულებამ რომ ფუნქციონირება არ შეწყვიტოს, „ეკონომია“ ხდება პერსონალის ხელფასებზე, შესასყიდი სამედიცინო და სახარჯი მასალის ხარისხზე, ასევე ხდება იმ მომსახურებაზე ფასის მატება იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც არ არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.  ეს ყველაფერი კი პირდაპირ ურტყამს სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს და პაციენტის ჯიბეს. საბოლოო ჯამში, ზარალდება, როგორც პაციენტი, ასევე -  სამედიცინო პერსონალი. განსაკურებით მძიმე დღეში არიან საშუალო და შედარებით მცირე სამედიცინო დაწესებულებები. რადგანაც ქსელურ კლინიკებს, რომლებსაც ზურგს უმაგრებს ფარმაცევტული წარმოება, აფთიაქები, სადაზღვეოები, ბანკი და ა.შ. შეუძლიათ თანხების გადათამაშება, მობილიზაცია და სხვა სამედიცინო დაწესებულებებზე უპირატეს მდგომარეობაში არიან, თუმცა პრობლემები მათაც ექმნებათ. ეს, სხვათა შორის,  არასამართლიან და არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოსაც ქმნის სამედიცინო ბაზარზე.  გარდა ამისა, აღნიშნული ვითარება კორუფციის სერიოზულ საფრთხეს აჩენს.

-კორუფციის საფრთხე რომ დააკონკრეტოთ...

-  დროულად ან დავალიანების თანხის ან თანხის ნაწილის გადმორიცხვის სანაცვლოდ ე.წ.  „ატკატების“ თემის გააქტიურება შეინიშნება. შეგახსენებთ, ასევე, რომ ერთი სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს თითქმის 4 მილიარდ ლარს. ანუ 1 სამინისტრო აკონტროლებს მთელი სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედს.  ფაქტობრივად, მივიღეთ თავკომბალა სამინისტრო, რომელშიც არაფერი კონტროლდება. 2015 წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის აუდიტის შედეგებიც კი აღარ გამოქვეყნებულა.