წამყვანი სარეიტინგო კომპანიების შეფასებები ამსხვრევს ჩვენთან ბოლო წლებში დამკვიდრებულ ნარატივს - "ის რაც კარგია ბანკებისათვის, კარგია ქვეყნისთვისაც", - აცხადებს Fitch-ის მიერ ქართული ბანკებისთვის რეიტინგის გაუარესებაზე ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძე.
"ის, რაც კარგია ქვეყნის ეკონომიკისათვის, კარგია ბანკებისთვისაც და არა პირიქით!!! 2007-2008 წლების გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ჩვენთან ე.წ. მტაცებლური დაკრედიტების შედეგად 700 ათასი ადამიანის ვალაუვალობის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრამ აჩვენა, რომ "ის რაც კარგი და მომგებიანია ბანკებისათვის, ეკონომიკისათვის შეიძლება პირიქითაც იყოს ანუ სულაც არ იყოს კარგი"!
მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ, წამყვანი ქართული კომერციული ბანკების, „თიბისი“-ს და „საქართველოს ბანკის“ რეიტინგის გაუარესება, პოზიტიურიდან სტაბილურამდე სწორედ ამ კუთხითაც არის ნიშანდობლივი.
სარეიტინგო კომპანიამ ძირითად მიზეზად სწრაფი საცალო სესხების ზრდით და უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდის შედეგად გამოწვეული რისკები დაასახელა ანუ ის რისკები ასახა, რამაც რეალურად ჭარბვალიანობის პრობლემებამდე მიგვიყვანა!!!. მოგეხსენებათ, თებერვლის თვეში Fitch-მა, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი წინა წლის „BB-“ -დან „BB“-მდე ანუ ერთი საფეხურით გააუმჯობესა. რეიტინგის გაუმჯობესება ძირითადად 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნებით და მიმდინარე რეფორმებით არის განპირობებული. მათ შორის ხაზგასმულია ახალი საბანკო რეგულაციების შემოღების და დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობა, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას და უფრო მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.
თავის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო ინვესტორები და რაც ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უკვე ქვეყნის წამყვანი ბანკებისა და კომპანიების მიერ უცხოური დაფინანსების საპროცენტო განაკვეთზე, რადგან ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს და რისკებს ასახავს. შესაბამისად, რაც მაღალია რეიტინგი უკეთესია ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივა და რისკებიც დაბალია!!!
ნიშანდობლივია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტი-საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთლიანად იწონებს ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევას სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით და აღნიშნავს შემდგომი ნაბიჯების საჭიროებას ინკლუზიური ზრდის და გარეშე შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. მათ შორის ხაზგასმულია ახალი ჭარბვალიანობის დასაძლევად ახალი საბანკო რეგულაციების შემოღების და დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობა, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას და უფრო მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. აქვე უნდა აღინიშნოს ამ დღეებში ასევე წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია„S&P“-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გააუმჯობესება სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით, რაც მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების კიდევ ერთ აღიარებას და მხარდაჭერასაც გულისხმობს, ახლა ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება ბანკების რეიტინგის გაუარესების ფონზე კარგი იყოს. პირიქით, ეს ნამდვილად არ არის კარგი, კარგი კომერციული ბანკების რეიტინგის ასევე გაუმჯობესება იქნებოდა!!!. მიმაჩნია, რომ წამყვანი სარეიტინგო კომპანიების აღნიშნული შეფასებები ამსხვრევს ჩვენთან ბოლო წლებში დამკვიდრებულ ნარატივს-"ის რაც კარგია ბანკებისათვის, კარგია ქვეყნისთვისაც". მიუხედავად იმისა, რომ 2007-2008 წლების გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ჩვენთან ამ ე.წ. მტაცებლური დაკრედიტების შედეგად 700 ათასი ადამიანის ვალაუვალობის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრამ აჩვენა, რომ "ის რაც კარგი და მომგებიანია ბანკებისათვის, ეკონომიკისათვის შეიძლება პირიქითაც იყოს ანუ სულაც არ იყოს კარგი"! აღმოსავლეთ ევროპის და სკანდინავიის მთელ რიგ ქვეყნებში საბანკო რეგულაციების გამკაცრებაც ამის დასტურია!.
ქვეყნის წამყვანი ბანკის "საქართველოს ბანკის" ახალი დირექტორის აჩიკო გაჩეჩილაძის დღევანდელი კომენტარები, რომ „ცვლილებები ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა მთლიანი სისტემის, ისევე როგორც მოწყვლადი მოსახლეობის დიდ ვალთან მიმართებით, რისკების შესამცირებლად, ხოლო რეგულაციების მოკლევადიანი გავლენა არის ამოწურული და მომავალში იქნება ბენეფიტები " ანუ გაცილებით დიდი სარგებელი, რომელსაც ეკონომიკა მიიღებს - არის საბანკო სექტორში ეროვნული ბანკის მიერ მიმდინარე რეფორმის უალტერნატივობის ფაქტობრივი აღიარება, რაც მხოლოდ მისასალმებელია. მოგეხსენებათ საბანკო სექტორი, განსაკუთრებით წამყვანი ბანკები და აქ პირველ რიგში თი ბი სი ბანკი უნდა აღინიშნოს, პრინციპულად წინააღმდეგი იყვნენ ახალი რეგულაციების შემოღებისა და ამტკიცებდნენ, რომ ჭარბვალიანობის რისკი იყო გაზვიადებული და ამ სახის რეგულაციების შემოღება მხოლოდ ნეგატიურად აისახებოდა საბანკო სისტემაზე და მთლიანად ეკონომიკაზე. ის რეფორმებიც რაც "საქართველოს ბანკში" მისი მოსვლის შემდეგ დაანონსდა ტოვებს იმედს, რომ ქართული ბანკები ბოლოს და ბოლოს მაღალ საპროცენტო მარჟაზე აგებული მოკლევადიანი ტაქტიკური ბიზნეს მოდელიდან, წამყვან ევროპულ ქვეყნებში ფართოდ აპრობირებულ სტრატეგიულ ბიზნეს მოდელზე გადავლენ, რაც მომხმარებელთან უფრო მეტ ინტეგრაციაზე, მათი უფლებების დაცვაზე და რაც მთავარია ეკონომიკის დაკრედიტებაზე იქნება ორიენტირებული!!! ეს პოსტიც ამ ახალი ნარატივით მსურს დავასრულო-ის რაც კარგია ქვეყნის ეკონომიკისათვის, კარგია ბანკებისთვისაც და არა პირიქით!!!, - წერს სოციალურ ქსელში გოგიტა ცუცქირიძე.