პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი 2018 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2018 წელს გამოვლინდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების - ფოტოსურათის, რეგის-ტრაციის მისამართისა და მასთან ერთად ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ - სხვა მიზნებით გამოყენების არაერთი შემთხვევა.
„აღნიშნულ ბაზას აქტიურად იყენებენ ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები და კერძო დეტექტივები. მართალია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმებისთვის განკუთვნილ გვერდზე მითითებულია, რომ: „ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ ამომრჩეველთათვის- საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადასამოწმებლად!“, თუმცა კანონმდებლობა არ შეიცავს დათქმას გამოქვეყნებული მონაცემების შემდგომი დამუშავების შეზღუდვის თაობაზე“, - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ამ კუთხით კიდევ ერთხელ შეფასდეს მოქმედი რეგულაციები.
„ცესკოს ვებგვერდზე მითითებულია, რომ ის განკუთვნილია მხოლოდ ამომრჩევ-ელთათვის - საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადასამოწმებლად, თუმცა საგულისხმოა, ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად მითითებული უსაფრთხოების მექანიზმი შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისგან სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ამ კუთხით კიდევ ერთხელ შეფასდეს მოქმედი რეგულაციები და გამოწვევები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით გატარდეს შესაბამისი სამართლებრივი და პრაქტიკული ღონისძიებები საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებისა და უსაფრთხოების ზომების მისაღებად, არაპროპორციული მოცულობით და არაუფლებამოსილი პირების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პრევენციისთვის”, - წერია ანგარიშში.