ქართული მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომისიის სხდომაზე რუსეთი დელეგაციის დაბლოკვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განუმარტა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მიხედვით, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში პირი ჩრდილოეთიდან, ქართული ხელისუფლების ნებართვის გარეშე შევა, იგი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ დაიშვება.
"რუსეთის დუმის დეპუტატები, მარკოვი და სხვები ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე არაერთხელ იმყოფებოდნენ, ამიტომ ჩვენ მათ საქართველოს ტერიტორიაზე აღარ დავუშვებთ. აღნიშნული შესახებ რუსულ მხარეს წერილობითი განმარტება უკვე მივეცით", - განაცხადა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ქმედებების განხილვას გეგმავს, რომელმაც 16-17 სექტემბრისთვის თბილისში ასამბლეის იურიდიული კომისიის სხდომაზე რუსეთი დელეგაცია არ დაუშვა.
ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მან კომისიის თავმჯდომარეს კრისტოს პურგურიდესს სასწრაფო წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნა, რომ "ქართული მხარის მიერ შექმნილი პრეცედენტი კითხვის ნიშნის ქვეშ სვავს საქართველოში ეუთოს რაიმე სახის ღონისძიების გამართვას, იმ დრომდე ვიდრე საქართველო არ შეიცვლის ამჟამინდელ სავიზო პოლიტიკას".
"გადაწყვეტილი გვაქვს პრინციპულად დავსვათ საკითხი საქართველოს ხელისუფლების უპრეცენდენტო ქმედების შესახებ ოქტომბრის დასაწყისში ასამბლეის სესიაზე", - განაცხადა კოსაჩოვმა.
მისივე თქმით, იგი არ აპირებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კომენტირებას, მაგრამ ამ შემთხვევაში "ამ ქვეყნის ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ვალდებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე ევროსაბჭოს წინაშე ერთმანეთში აურია".
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში 16-17 სექტემბერს ეუთოს იურიდიული კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც მისასალმებელი სიტყვით პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიან გახსნის.