საქართველოში კანონის უზენაესობა კვლავაც პოლიტიკურ ინტერესებს ეწირება, - ამის შესახებ ნათქვამია Freedom House-ის „მსოფლიოში თავისუფლება - 2019“-ის დეტალურ ანგარიშში.
„საქართველო რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს ატარებს და მისი დემოკრატიული ტრაექტორია ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, 2012-2013 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა ბოლო წლებში პროგრესი სტაგნაციას განიცდის, ოლიგარქიული მოთამაშეები პოლიტიკასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენენ, ხოლო კანონის უზენაესობა კვლავაც პოლიტიკურ ინტერესებს ეწირება“, - ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში სასამართლოზე აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისულების მხრიდან ზეწოლა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.
"მიუხედავად მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმებისა, სასამართლოზე აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისულების მხრიდან ზეწოლა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ისევე როგორც კორუფცია და სასამართლო პროცედურების გაუმჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის საკითხი", - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური გავლენების შესახებ.
"არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობები, რომლებიც განსაზღვრავენ და ახორციელებენ მთავრობის მიერ არჩეულ პოლიტიკას, ივანიშვილის არაფორმალური გავლენით იზღუდება, რომელსაც არ უჭირავს რაიმე კონკრეტული აღმასრულებელი თანამდებობა", - ვკითხულობთ ანგარიშში.