მეორე დღეა თუშეთის ეროვნულ პარკში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, "თუშური ტრადიციული თამაშების და სამზარეულოს ფესტივალი" მიმდინარეობს.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, მოინახულონ თუშეთის სოფლები, გაეცნონ მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობას და ტრადიციებს, დააგემოვნონ ადგილობრივი სამზარეულო, დაესწრონ ლუდის ტრადიციული წესით დამზადებას, თექის თელვას და დოღს.
მსურველები მონაწილეობას მიიღებენ თუშური ხელნაკეთობების შექმნაში და ტრადიციულ თამაშობებში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ექსტრემალური ველო შოუ და ჯგუფ "მგზავრების" კონცერტი.
ფესტივალის მიზანია თუშეთის ტრადიციებისა და კულტურის საზოგადოებისთვის გაცნობა და ამ კუთხეში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერა უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანსაც საქართველოს დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგადობის ხელშეწყობა და ბიომრავალფეროვნების დაცვა წარმოადგენს.
პროექტი, რომელსაც გარემოს დაცვის გლობალური ფონდი (GEF) აფინანსებს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.