ENG / RUS       12+

ირანი შაჰიდან აიათოლამდე

გასულ წელს ირანში ისლამური რევოლუციის 40 წლისთავი აღნიშნეს. ისლამური რევოლიციის 40 წლისთავის აღნიშვნა 1 თებერვალს დაიწყო, ამ დღეს 1979 წელს, ისლამური რევოლუციის ლიდერი აიათოლა რუჰოლა ხომეინი თეირანში პარიზიდან 15-წლიანი დევნილობის შემდეგ ტრიუმფალურად დაბრუნდა.

ირანის შაჰმა, მოჰამედ რეზა ფეჰლევმა და მისმა ოჯახმა, ხომეინის ჩამოსვლამდე ორი კვირით ადრე დატოვეს ქვეყანა.

მოჰამედ რეზა ფეჰლევი

მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ფეჰლევის დინასტიის მეორე და უკანასკნელი წარმომადგენელი ირანს დაახლოებით 37 წელი განაგებდა, 1941 წლიდან 1979 წლამდე. შაჰის მმართველობა განსაკუთრებული საშიშროების წინაშე, თუ არ ჩავთვლით 1979 წელს, პირველად 1953 წელს დადგა, როდესაც მისი მთავრობის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყი აუჯანყდა.

ყველაფერი კი ცოტა ხნით ადრე, 1951 წელს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრ მოსადეყის ინიციატივით, ქვეყანაში ნავთობის წარმოების სრული ნაციონალიზაცია გამოცხადდა და ნავთობის მრეწველობის კონტროლი მთლიანად ირანის ხელში გადავიდა. ბრიტანეთი, რომელსაც ხელთ ეპყრა ირანული ნავთობის სრული კონტროლი, მშვიდად არ შეხვედრია მოსადეყის ინიციატივას და ირანის ნავთობს სრული საერთაშორისო ბოიკოტი გამოუცხადა.

ამის შემდეგ, ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ბრიტანეთისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა შეიმუშავეს გეგმა მოსადეყის მთავრობის დამხობისთვის. ამ გეგმის არგუმენტად, ძირითადად, ორ საკითხს ასახელებდნენ: 1. ირანულ ნავთობზე კონტროლის დაბრუნება  2. ირანზე საბჭოთა კავშირის გავლენის არიდება; გეგმამ იმუშავა, მოსადეყის მთავრობა დაემხო და შაჰმა ძალაუფლების სრულად დაბრუნება მოახერხა...

ირანის შაჰი შთაგონებული იყო მრავალი დასავლური იდეით და 1963 წელს მან დაიწყო ქვეყანაში "თეთრი რევოლუციის" განხორციელება. ეს მასშტაბური პროექტი მოიცავდა გენდერულ თანასწორობას, ქალებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას, აგრარულ რეფორმასა და მსხვილი მიწათმფლობელების, ძირითადად ფეოდალებისა და შიიტური სასულიერო პირების მიწაზე კონტროლის შემცირებას ან ლიკვიდაციას. ასევე სხვა თანამედროვე რეფორმების განხორციელებას.

აგრარულმა რეფორმამ უმსხვილესი მიწათმფლობელები, ფეოდალები და სასულიერო პირები განარისხა, რომლებიც თვლიდნენ, რომ ეს რეფორმა მათი პოზიციებისა და გავლენების შესუსტებას ემსახურებოდა. მომავალში ამან დიდად შეუწყო ხელი მათ შაჰის წინააღმდეგ განწყობას.

1963 წელს, ივნისში ხელისუფლებასა და მის მიმართ დაპირისპირებულ ძალებს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, როდესაც მოჰამედ რეზა ფეჰლევმა აიათოლა ხომეინის შეპყრობის განკარგულება გამოსცა, რასაც ქვეყანაში დიდი არეულობა მოჰყვა. 1964 წლის 4 ნოემბერს აიათოლა ხომეინს აიძულეს ირანი დაეტოვებინა.

თავდაპირველად, ხომეინი თურქეთში, ბურსაში დასახლდა, თუმცა მალევე დატოვა იგი და ერაყის საზღვართან ახლოს, შიიტურ წმინდა ქალაქში ნაჯაფში დასახლდა, საიდანაც ის თავისი ქადაგებების ვიდეოჩანაწერებს მიმდევრებს უგზავნიდა, რომლებიც აგრძელებდნენ სტუდენტების წაქეზებასა და მოწოდებას შაჰის მმართველობის დამხობისკენ.

მოგვიანებით, ირანის შაჰმა სთხოვა ერაყის ვიცე-პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს ხომეინი ქვეყნიდან გაეძევებინა, თვლიდა რა, რომ ამით შეუზღუდავდა მას ირანში რევოლუციური პროცესების გარედან მართვას. ჰუსეინმა გააძევა ხომეინი ქვეყნიდან, რომელიც პარიზში გაემგზავრა.

ირანის მომავალი სულიერი და პოლიტიკური ლიდერი რუჰოლა ხომეინი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ისლამური რელიგიის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. მისი ბავშვობის ძირითადი ნაწილი დაკავშირებული იყო ყურანის შესწავლასთან.

ხომეინი, რომელიც ცნობილია უმაღლესი შიიტური ტიტულით "აიათოლა", პირველი რელიგიური ლიდერი იყო, რომელმაც ღიად დაგმო შაჰის მიერ ინიცირებული რეფორმები. თავის გამოსვლებში აიათოლა ითხოვდა შაჰის რეჟიმის დამხობას და ისლამური რესპუბლიკის ჩამოყალიბებას.

ხომეინი სულიერ წინამძღვრადაა მიჩნეული მრავალი მუსლიმისთვის და ირანში მას ოფიციალურად იმამს უწოდებენ აიათოლას ნაცვლად, ისევე როგორც მისი მოძღვრების მიმდევრები.

70-იან წლებში შაჰის მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა, შაჰმა უკმაყოფილების ჩასახშობად რეპრესიულ ზომებს მიმართა, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა აიათოლას მომხრეების რაოდენობა და სულისკვეთება.

1978 წელს დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები ირანის მთავარ ქალაქებში, პროტესტანტებს ძირითადად სტუდენტები, საშუალო და ქვედა კლასის უკმაყოფილო მოქალაქეები და ფუნდამენტალისტები წარმოადგენდნენ. აიათოლა ხომეინი მოუწოდებს პროტესტანტებს დაემხოთ შაჰის ხელისუფლება. ამავე წლის მიწურულს ამბოხებულებს ირანის არმიაც შეუერთდა, ხოლო 1979 წლის 16 იანვარს ირანის უკანასკნელმა შაჰმა ოჯახთან ერთად სამშობლო დატოვა.

სპარსული მონარქია, რომლის 2500-წლიანი არსებობის პატივსაცემად მოჰამედ რეზა ფეჰლევმა პერსეპოლისში გრანდიოზული ღონისძიება მიუძღვნა, დაემხო.

ხომეინის დაბრუნება

1979 წლის 1-ელ თებერვალს აიათოლა ხომეინი ტრიუმფით დაბრუნდა ირანში და ცნობილი გახდა, როგორც ირანის რევოლუციის ლიდერი.

თავისი მაღალი სასულიერო რეპუტაციის გათვალისწინებით, აიათოლამ მოახერხა ძალაუფლების კონსოლიდაცია და შეუდგა ირანის ისლამური სახელმწიფოს დაფუძნებას.

1979 წლის 4 ნოემბერს, ქვეყნიდან მისი განდევნის 15 წლის თავზე, გამძვინვარებულმა სტუდენტებმა დაარბიეს თეირანში აშშ-ის საელჩო და ათეულობით თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. ამერიკის მოქალაქეები ტყვეობაში 444 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

1979 წლის დეკემბერში ირანში მიიღეს ახალი კონსტიტუცია, სადა ჩაიწერა, რომ აიათოლა ხომეინი ირანის პოლიტიკური და სულიერი ლიდერი იქნებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

აიათოლა ხომეინის მმართველობისას ირანელ ქალებს უარი ეთქვათ თანაბარ უფლებებზე, ქვეყანაში აიკრძალა დასავლური კულტურის ყველა ნიშანწყალი და აღდგა ისლამური კანონმდებლობა. იმ დღიდან, ირანში მართლმსაჯულება შარიათის კანონებზე დაყრდნობით ხორციელდება.

აიათოლა ხომეინი, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ისევე სასტიკად უსწორდებოდა, როგორც მოჰამედ რეზა ფეჰლევი. მისი მმართველობის 10 წლის განმავლობაში ათასობით პოლიტიკური აქტივისტი დააპატიმრეს.

1980 წელს ერაყი შეიჭრა ირანის ხუზესტანის პროვინციაში, სადაც თავმოყრილია ქვეყნის ნავთობის მარაგების დიდი ნაწილი. 1982 წელს ერაყმა ნებაყოფლობით დატოვა ირანის ტერიტორია და ცდილობდა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, მაგრამ ხომეინი განაგრძობდა ბრძოლას, რომელსაც ასობით ათასი ირანელის სიცოცხლე შეიწირა. 1988 წელს ხომეინი საბოლოოდ დათანხმდა გაეროს მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

აიათოლა ხომეინი 1989 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ცერემონიას 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.

ავტორი: . .