რუსეთში პური, შესაძლოა, 6-7%-ით გაძვირდეს. აღნიშნულ პროგნოზს სასურსათო პროდუქციის მწარმოებელთა და მომწოდებელთა ასოციაცია „რუსპროდსაიუზში“ აკეთებენ. პროგნოზი, თავის მხრივ, ქვეყანაში ფქვილის 30%-იან გაძვირებას უკავშირდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ხორბლის გაძვირება 2018 წელს ხორბლის მოსავლის შემცირებას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, საქართველოში ხორბლის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხორციელდება.
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადეს, რომ უკანაკსნელი ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის ფასი 15 დოლარამდე გაიზარდა და 1 ტონა 250 დოლარი ღირს. რაც შეეხება ფქვილის ფასს, ის შენარჩუნებულია და კვლავინდებურად 49-50 ლარის ფარგლებშია.
საქართველოში პურის მწარმოებლები კი განმარტავენ, რომ ფქვილის ბაზარზე სიმშვიდეა, ფასების მნიშვნელოვანი კორექტირება არ ხდება და ამ ფონზე, ქვეყანაში პურის ფასის ზრდა ამ დროისათვის დღის წესრიგში არ დგას. მწარმოებლები განმარტავენ, რომ ქვეყანაში პურის ფასის ზრდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა, გამომდინარეობდა ბევრი ფაქტორიდან და დღეს ეს აქტუალური არ არის: ლარის კურსი მეტნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებს და მას შემდეგ არც გაზის ფასის ზრდა მომხდარა.
როგორ განვითარდება მოვლენები, საქართველოსთვის ხორბლის ძირითად მომწოდებელ ქვეყანაში, ამაზე ზუსტი გათვლები რუსეთში არ აქვთ. ანალიტიკოსები რუსეთის ბაზარზე ხორბალსა და ფქვილზე ფასების კორექტირებას, ზრდის მიმართულებით, არ გამორიცხავენ.
საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხორბლის უწყვეტი მომარაგებისათვის სპეციალური მექანიზმის შექმნაა აუცილებელი. ასოციაციის ინფორმაციითვე, ისინი ეკონომისკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ინტენსიურად მუშაობენ, რათა ჩამოყალიბდეს მდგრადი და გამართული მექანიზმი იმისათვის, რომ ქვეყნის ხორბლით უზრუნველყოფა დამოკიდებული არ იყოს შემთხვევით ფაქტორებზე. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ქვეყნის ხორბლით მომარაგება მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტით ხორციელდებოდა და უამინდობის გამო ლარსის გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ქვეყანას ხორბლით მომარაგების კუთხით გარკვეული ზიანი მიაყენა.
ფორსმაჟორულმა სიტუაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხორბლის იმპორტი ქვეყანაში დივერსიფიცირებული უნდა იყოს და მისი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს როგორც სარკინიგზო, საზღვაო ასევე საავტომობილო ტრანსპორტით.