8-სართულიან კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, დაზიანებულია 6 სართული, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანდრე ქუჯაიძემ გააკეთა.
„8-სართულიან კორპუსში მოხდა აფეთქება. დაზიანებულია პირველიდან მეექვსე სართულამდე, მთლიანი კორპუსი. მალევე მოხდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მობილიზება, რომელთაც მოახდინეს 40-45 ოჯახის ევაკუირება. ადგილზე მოსვლისთანავე, სამწუხაროდ, დაგვხვდა სამი გარდაცვლილი “, - განაცხადა ქუჯაიძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის კიდევ მიმდინარეობს შენობის დათვალიერება და იმ საფრთხეების მოხსნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების დაშავება.
„ამ დროისთვის ისეთი დიდი არ არის საფრთხე, პატარ-პატარა ნანგრევები და ნამსხვრევებია და მაგის დამუშავება მიმდინარეობს“, - განაცხადა ქუჯაიძემ.
მისი თქმით, შესაბამისი დასკვნის შემდეგ მოქალაქეები შეძლებენ საცხოვრებელ ბინებში დაბრუნებას. ქუჯაიძე ამბობს, რომ გვერდით მდებარე კორპუსიც დაზიანებულია.
აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 16 აინვარს 20:30 საათზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნი. დაშავებულია 8 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.