შალვა თადუმაძე შეგვპირდა, რომ შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც ის უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა.
მისი თქმით, ის შიმშილობას წყვეტს.
"მე და ჩვენი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი შევხვდით შალვა თადუმაძეს, ვესაუბრეთ მას საქმეში არსებული ვითარების შესახებ და ამ საქმის გახსნის შესაძლო სტრატეგიებზე. გვქონდა ასევე საუბარი ჩვენს მთავარ მოთხოვნაზე - შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება და კვალიფიკაცია, განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები. იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული. თადუმაძე შეგვპირდა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს ჯგუფი შეიქმნას. ის პირადად უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს. შემდეგი სამუშაო შეხვედრა იანვრის ბოლოს დავგეგმეთ. ჩემთვის მთავარი პროკურორის ის დამოკიდებულება და სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინე, არის იმის გარანტია რომ ეს ყველაფერი შესრულდება და შესაბამისად, მე ვწყვეტ შიმშილობას",- განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.