უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩვენ, მოსამართლე წევრებმა გუნდურად მივიღეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განუცხადა.
მისი განცხადებით, უზენაეს სასამართლოში წლებია, რაც მოსამართლეთა სიმცირის პრობლემაა, რის გამოც დიდი რაოდენობით საქმე დაგროვდა, რამაც თავისთავად, მოქალაქეთა უკმაყოფილება წარმოშვა.
"უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების დასახელება განპირობებულია იმ სიტუაციით, რომელიც შექმნილია უზენაეს სასამართლოში. არის 11 მოსამართლე, სისხლის პალატაში ერთი შემადგენლობაც კი არ არის, რომ საქმეები განიხილონ. ეს არის შეფერხებული პროცესი, ან შეიძლება ითქვას, უფრო უარესი, უზენაესი სასამართლო თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, თუ ჩვენ გადაწყვეტილებას არ მოვიღებთ და არ იქნებიან მოსამართლეები წარდგენილები. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, ეს პასუხისმგებლობა გადმოვიდა იუსტიციის უმაღლს საბჭოზე. ვფიქრობ, რომ სწორად მოქმედების და იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის დროა, რომელიც უნდა გადაიდგას, ვინაიდან უზენას სასამართლოში არ შეფერხდეს სამართალწარმოების პროცესი. ნაბიჯი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადადგას. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვაცნობიერებთ და ვფიქრობთ, რომ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატი სასამართლო სისტემაში მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩიჩალაძე.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.