შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღკვეთა დამატებით 14 არასასურველი სპეციფიკური გამოცდილების და ცოდნის ადამიანების ქვეყანაში შემოსვლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უმრავლეობის წევრის, ნუკრი ქანთარიას კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებს ეხებოდა.
მისი თქმით, დაკავებულები საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელი, ძალზედ სპეციფიკური გამოცდილების ხალხი იყო.
„მე ვერ დავარქმევდი ბატონო ნუკრი ბოევიკებს, ძალიან ხმამაღალი დასახელებაა, თუმცა საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელი, ძალზედ სპეციფიკური გამოცდილების ხალხი იყო ყველა. ერთი რამ მინდა გითხრათ, რისი თქმაც მე დღეს შემიძლია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აღკვეთა დამატებით 14 მსგავსი პროფილის ადამიანის შემოსვლა საქართველოში. ეს იყო უბრალოდ პრევენციის სახით იძულებული მოქმედება. ჩვენ უბრალოდ იძულებულები გავხდით, რომ ქვეყნისთვის, იმ მომენტში არასასურველი სპეციფიკური გამოცდილების და ცოდნების ადამიანები, ქვეყანაში არ შემოგვეშვა და ასეთი იყო იდენტიფიცირებული 14 პირი. მცდელობები იყო შემდეგ სახმელეთო საზღვრებიდან შემოსვლის, იგივე პირების, თუმცა ჯერჯერობით ვართ იქ სადაც ვართ და ამ თემაზე მეტი საუბარი ამ ტრიბუნიდან უბრალოდ ზედმეტია", - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში.