ცხადია, ყველას საერთო მიზანია, რომ ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი შემცირდეს, თუმცა რა მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება, ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში შს მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მან გიორგი გახარიას ჰკითხა, როგორ მოხდება პრევენციის განხორციელება და რა შედეგს ელოდება რეფორმების განხორციელების შემდეგ.
"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ იმაზე, რომ პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება. თქვენ ისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. შეგიძლიათ თუ არა გაგვაცნოთ ანალიზზე დაფუძნებული ხედვა კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებაში?! როგორ მოხდება პრევენციის განხორციელება?! მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლით ჩვენ დავრჩებით იმ სტატისტიკაში, რომელშიც ახლა ვართ. ეს სტატისტიკა ნამდვილად არ არის სახარბიელო, ეს სტატისტიკა იზრდება და საბოლოო ჯამში, სადაც დანაშაული გაიზრდება, იქ იქნება ნაკლები ინტერესი და ნაკლები სტაბილურობა, რაც თავისთავად ცხადია, ყველაფერზე მოახდენს გავლენას. მე მაინტერესებს რა შედეგებს ელოდებით იმ რეფორმების შედეგად, რომელიც დაგეგმილია“, - მიმართა სესიაშვილმა გახარიას.