„საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის მემორანდუმის გაფორმება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) აქტიურად იყვნენ ჩართულები მოლაპარაკებებში, რომელიც 2 წელიწადს მიმდინარეობდა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მემორანდუმის ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე გაწეული სამუშაოებისა და ძალისხმევის შეფასებისა და შეჯამების შემდეგ, მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით იქნება წარმოდგენილი საქართველოში ICC-ს საერთაშორისო სარბიტრაჟო სასამართლო. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს „ICC“ საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის შესაძლო თანამშრომლობას ამ უკანასკნელის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს უკვე აქვს ICC საერათაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის გამოცდილება, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით.“ - აღნიშნავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის მემორანდუმის ხელმოწერის კომენტირებისას.
ნინო ჩიქოვანის განმარტებით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის პოპულარიზაციის საკითხზე, რამაც დადებითი გავლენა იქონია აღნიშნული ინსტიტუტის შესახებ ცნობადობის გაზრდაზე და გარკვეულწილად გააძლიერა ქვეყანა რეგიონში საარბიტრაჟო ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით.
„აღნიშნული მემორანდუმი და მასთან დაკავშირებული გეგმები ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრად გადაქცევა შესაძლებელი გახადა არბიტრაჟის შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვამ და კანონმდებლობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანამ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები „არბიტრაჟის შესახებ“ კანონში და საარბიტრაჟო შეთანხმებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულების მექანიზმების შემუშავება.“-აღნიშნავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის მემორანდუმს 20 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში მოაწერეს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ალექსის მურმა. დოკუმენტით მხარეები თანხმდებიან, მიმართონ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟის რეგიონული ცენტრის განვითარებას და, ამასთან, საქართველოში „ICC“-ის არბიტრაჟის გამოყენების პოპულარიზაციას; „ICC“, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, ასევე, მზად არის, განახორციელოს როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული მასშტაბის სხვადასხვა საგანმანათლებლო და აკადემიური პროგრამა ჩვენს ქვეყანაში; სასამართლო, ასევე, განიხილავს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაძლებლობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მემორანდუმის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე მხარეები შეხვდებიან, რათა შეაფასონ, რა ფორმით არის შესაძლებელი, „ICC“ წარმოდგენილი იყოს საქართველოში.