თუ ოპოზიციის მხრიდან თამარ ჟვანიას მიმართ რამე კონკრეტული პრეტენზია არსებობს, საკითხი პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში სიღრმისეულად არ უმსჯელიათ.
„ოპოზიციის შეტევის მთავარი ობიექტი და ერთ-ერთი სამიზნე ცესკო იმის გამო იყო, რომ რეალურად იცოდნენ, არჩევნები რით დასრულდებოდა. თუ ოპოზიციის მხრიდან თამარ ჟვანიას მიმართ რამე კონკრეტული პრეტენზია არსებობს, საკითხი პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს და ზუსტი შეფასება უნდა მიეცეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ ცესკო-ს თავმჯდომარეობის 4 კანდიდატურა დასახელდა: თამარ ჟვანია - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჯავახიშვილი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ლადო ბოჟაძე -“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, მარიამ შელეგია. გიორგი ჯავახიშვილმა პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.