არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების შეურაცხყოფა სხვადასხვა ფორმით გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია გამოიკვეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული ოპოზიციის წევრ დავით კირკიტაძესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი გაეცა კანონის ფარგლებში. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ასე უნდა მოქმედებდეს.
„დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა, ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა. ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, რომელსაც 20 წუთით მეტი სჭირდებოდა, თუმცა აშკარად ოპოზიციას იმ დღეს ჰქონდა თვითმიზანი, მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს, შეძლეს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.