სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაუშვებლად გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, რომ სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და ის თავის პრეცედენტს ეყრდნობა, როდესაც ახალშემოსულ საქმეს იხილავს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები საქართველოს მომავალშიც დაეხმარება, რომ სიმართლემ იზეიმოს.
„სიმართლე არის ის, რომ ამ ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა ჩატარდა და არა პირიქით, და რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ფაქტებით დავამტკიცოთ, თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც ქართული სოფლები დაიცალა და ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი დევნილი; როდესაც ჩვენი ტყვეები შეიპყრეს, აწამეს და არაერთი მათგანი მოკლეს. ამიტომაც ეს, რა თქმა უნდა, არის კარგი ამბავი", − განაცხადა თეა წულუკიანმა.