საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომაგდენლებთან და სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკურ ატაშეებთან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გამართა. ღონისძიებას საქართველოში მომუშავე საელჩოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოში მომუშავე ყველა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრის ჩატარების მთავარი მიზანი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტრატეგიული პრიორიტეტების, ინიციატივებისა და პერსპექტივების პრეზენტირება იყო. ასევე, პოტენციურ დონორებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დონორ ორგანიზაციებსა და საელჩოების წარმომადგენლებს წარუდგინა რამდენიმე ძირითადი მიმართულება და მათთან დაკავშირებული ინიციატივები და პროექტები. ასეთი მიმართულებებია, მაგ: პროფესიული განათლების რეფორმის ხელშეწყობა (დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო და სხვა აქტივობები), სექტორული ბიზნეს-ფორუმების ორგანიზება, სერვისის „მოიძიე პარტნიორი“ განვითარება, რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ტრენინგები მეწარმეთათვის და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თაობაზე ცნობადობის ამაღლება (DCFTA საინფორმაციო ცენტრი), სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქუთაისის განახლებული ოფისის და მისი რეგიონული ბიზნეს-ჰაბის ფუნქციით დატვირთვის პერსპექტივა, დროებითი განბაჟების დოკუმენტის, „ატა წიგნაკის“ გაცემის მომსახურების დანერგვა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და სხვ.