აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 11.6%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა ასევე 12.7%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 235 მლნ 268 ათას 100 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 262 მლნ 477 ათას 500 ლარი შეადგინა, ანუ გეგმა 111.6%-ით შესრულდა.
სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 11 თვის მონაცემებით, 110.6%-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 112.3%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 119.9%-ით.
რაც შეეხება 2018 წლის იანვარ-ნოემბრის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას - 330 მლნ 213 ათას 100 ლარი იყო, თუმცა ის 12.7%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 372 მლნ 176 ათას 300 ლარი შეადგინა.
საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 12.1%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 13.5%-იანი, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 17.4%-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული.
რაც შეეხება თვითმმართველ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი 109.3%-ი, ქობულეთი - 177.4%-ი, ხელვაჩაური - 129.8%-ი, ქედა - 84.3%-ი, შუახევი -114.9%-ი და ხულო - 118.4%-ი.