2018 წელს ელექტროენერგიის მოხმარების წლიური ზრდის პროგნოზი 9.9%-დან 8.2%-მდე შემცირდა. 2018 წელს მოხმარების ზრდის მაღალი მოლოდინი განპირობებული იყო მაისი-ივლისის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების 11.8%-იანი ზრდით. თუმცა, 2018 წლის აგვისტოდან ელექტროენერგიის მოხმარება საშუალოდ მხოლოდ 2.6%-ით იზრდებოდა, რამაც პროგნოზის კლების მიმართულებით დაკორექტირება გამოიწვია. ელექტროენერგიის მოხმარებამ 2018 წლის 10 თვეში 7.4 მლნ. კვტ.სთ შეადგინა, რაც წლიური 6.9%-იანი ზრდაა.
ელექტროენერგიის განახლებული ბალანსი, გარდა ზემოთაღნიშნულისა, აგრეთვე მოიცავს 2018 წლის 10 თვის ფაქტიურ მონაცემებს და ნოემბერ-დეკემბრის მიწოდებისა და მოხმარების დეტალურ პროგნოზს. განახლებული ბალანსის მიხედვით, 2018 წელს ელექტროენერგიის იმპორტი წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდება, რაც 1.5 ტვტ.სთ-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ შარშან დიდი რაოდენობის იმპორტი ენგურის გაჩერებას უკავშირდებოდა, ხოლო წელს იმპორტის რაოდენობა მოხმარების ზრდით აიხსნება.