პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მინდია გოგოჭურს გამოძიება იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
დაკავებულის ინტერესების დამცველები მინდია გოგოჭურის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ადვოკატებმა დღესვე მზადყოფნა გამოთქვეს, რომ გოგოჭურს საზღვარგარეთის პასპორტი ჩაებარებინა.
ადვოკატებმა მოსამართლეს ასევე შესთავაზეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა, არა ფულადი თანხის, არამედ ქონების უზრუნველყოფით. ადვოკატის განმარტებით, თბილისის ცენტრში გოგოჭურის სახელზე არის საკმაოდ ძვირადღირებული ბინა, რომელსაც გარანტად ჩადებდნენ.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, გოგოჭურს შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინა, ან გამოძიებას მიმალვოდა.
სამართალდამცველებმა მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე ამაშუკელის ქუჩაზე 5 დეკემბერს დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს