საქართველოს პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წაუყენებენ. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
წარდგენილ ბრალდებას გოგოჭური არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება, ადვოკატმა გააკეთა, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი გვიან ღამით მოინახულა.
„წარდგენილი ბრალდების არც ერთ ფორმულირებაში და არც ერთ ნაწილში ის თავს დამნაშავედ არც ცნობს და მისდამი ამ ბრალდების მადასტურებელი არანაირი სამხილი და მტკიცებულება არ არსებობს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, თუმცა ფიზიკურად რაც არ არსებობდა ამოღებული ვერ იქნებოდა. ასეთი ფორმულირებით და ასეთი მოცემულობით მისი დაკავება, ვფიქრობ, რომ სამართლებრივად შეუსაბამოა“,-განაცხადა ადვოკატმა შოთა მანელიძემ.
სამართალდამცველებმა მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე ამაშუკელის ქუჩაზე 5 დეკემბერს დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს