გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძეანში ჯანდიერების საგვარეულო ეკლესიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ტაძარი კრამიტით გადაიხურა, მთლიანად აღდგა ეკლესიის დაზიანებული ლავგარდანი. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესია-იატაკის მოპირკეთება, ტაძრის შიდა ინტერიერის მოწყობა და კედლების გამაგრება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, ეკლესიის რეაბილიტაცია ბიძინა ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
"ივანიშვილის ფონდის ხელშეწყობით, გურჯაანში უკვე რამდენიმე ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდა"-განაცხადა მარკოზაშვილმა.
ეკლესიის რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება.
ჯანდიერების საგვარეულო ეკლესია XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება.