აჭარის მთავრობა გონიოში, "პატარა ჭოროხის" მიმდებარე ტერიტორიაზე (გონიოს ციხესთან) ახალ ტურისტულ პროექტს აანონსებს. საინვესტიციო პროექტი 48 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს, რაც რეგიონისათვის დამატებით ინვესტიციებს და ტურისტულ ნაკადებს გულისხმობს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, თორნიკე კუჭავა ამბობს, რომ ვიდრე პროექტს ინვესტორებს შესთავაზებენ, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების გეგმის დამტკიცება უნდა მოხდეს.
„პირველ რიგში შემუშავდება განაშენიანების გეგმა და მოხდება მისი დამტკიცება. აღნიშნულ გეგმაში გაითვალისწინება ყველა კონკრეტულ ადგილას თუ რა ტიპის შენობები უნა იყოს, რომელ კოეფიციენებს უნდა აკმაყოფილებდეს და ასე შემდეგ.
მთლიანი სივრცის ათვისება იქნება დამტკიცებული. მისი დამტკიცება ძალიან დიდ დროს არ წაიღებს, საუბარია რამდენიმე თვეზე. შემდეგ დავიწყებთ საინვესტიციო შეთავაზებების გაკეთებას“, განმარტავს თორნიკე კუჭავა.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ 48 ჰა საინვესტიციო მიწის ნაკვეთი დაიყოფა ლოტებად და მათი გასხვისება შესაბამის აუქციონებზე მოხდება.
პროექტი, რომლის ძირითადი თეზისები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ვიდეორგოლთან ერთად გამოაქვეყნა, მთლიანად ინვესტორების მიერ იქნება რეალიზებული, თუმცა თანმდევ ინფრასტრუქტურას, საუბარია წყალ-კანალიზაციაზე, ელ.ენერგიაზე და ასე შემდეგ, გარკვეულ ტერიტორიამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.







