საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "პრემიერის თანამდებობის ვინმესთვის დარეზრვება შეუძლებელია" და მისთვის გაუგებარია ამ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი. ამის შესახებ განცახდება დავით ბაქრაძემ დღეს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვა მოეწყო.
დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი ორიენტირებულია ძალთა დაბალანსებაზე და თუკი გარკვეული უფლებები გადაეცემა პრემიერს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ვინმესთვის ამ თანამდებობის დარეზერვება ხდება".
ბაქრაძის თქმით, ერთის მხრივ პრემიერისთვის გარკვეული უფლებების გადაცემას მოითხოვს სწორედ ის პრინციპი, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის ფუნქციები იყოს გადანაწილებული და მეორეს მხრივ იმის თქმა, რომ ეს კონკრეტული პირისთვის კეთდება წარმოუდგენელია.
არგუმენტად ბაქრაძე იმ ფაქტორს ასახელებს, რომ პრემიერის თანამდებობაზე კანდიდატს წარადგენს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია და მისი განცხადებით "დღეს იმის თქმა, რომ 2012 წლის არჩევნებში რა მოხდება და რომელი პარტია გაიმარჯვებს ძალიან ძნელია".
ამასთან, ბაქრაძის განცხადებით, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ადვილი მისახვედრი იქნება, რომ "არავისთვის არ ხდება არანაირი თანამდებობის დარეზერვება" და გაუგებარია ამ საკითხთან დაკავშირებით რატომ არის აჟიოტაჟი ამტყდარი.