სამშენებლო კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავი" თბილისში შეჩერებული პროექტის დასრულებას შეძლებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში 179 ობიექტის მშენებლობაა შეჩერებული, რის გამოც ბევრი ადამიანია დაზარალებული. კალაძის თქმით, მერია კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს. სწორედ ამის ფარგლებში, გადაწყდა, რომ "ოლიმპიურ ვარსკვლავს" დაწყებული მშენებლობის დასრულების შესაძლებლობა მიეცემა.
"ეს ეხება "ოლიმპიურ ვარსკვლავს", დაახლოებით 350 ოჯახია დაზარალებული და დედაქალაქის მერიამ, თავის კომპეტენციის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს ამ პროექტის სამომავლოდ განხორციელებას. ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამის კომპანიას, უკვე ხვალიდან აქვს შესაძლებლობა დაიწყოს ამ პროექტის განხორციელება და დაასრულოს ყველა ის სამუშაო, რომელიც მას ჰქონდა წამოწყებული. 350 ოჯახი იყო ამ პროექტით და ამ დეველოპერით დაზარალებული. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებულიყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ასევე "სვეტის" მიერ დაზარალებულებიც სერიოზული პრობლემაა. ამ მიმართულეითაც ვმუშაობთ და როგორც კი მერიაში შემოვა საბუთები, მაშინვე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.