მომავალ წელს იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რომელთაგან ერთ-ერთი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკოლოგიური მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. კერძოდ, ამისთვის 2019 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, ხუთი მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება;
„გარდა ამისა, დაგეგმილია რამდენიმე ხიდისა და მეტროსადგურის რეაბილიტაცია; სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობისთვის დაახლოებით, ცხრა მილიონ ლარამდე დაიხარჯება, ხოლო კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის სატრანსპორტო კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული მონაკვეთის სრული რეკონსტრუქციისთვის დაახლოებით, 27 მილიონი ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, თბილისის მერია აქტიურად მუშაობს ფინანსთა სამინისტროსთან იმაზე მეტი პროექტი განხორციელდეს, რაც მიმდინარე წელს განხორციელდა.
„აქტიურად ვმუშაობთ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ცენტრალური ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს, რომ ქალაქში იმაზე მეტი პროექტი განვახორციელოთ, რაც მიმდინარე წელს განხორციელდა“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაახლოებით, 25 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, რომელშიც ავტობაზების მოდერნიზებაც არის გათვალისწინებული. მომავალი წლის ბიუჯეტით, ასევე, სრულიად ახალი ავტობუსებისა და ელექტროავტობუსების შემოყვანა იგეგმება.