დევნილთა პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა საზოგადოების გაერთიანებაშია. ამის შესახებ ჟურნალისტებს წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ნონა გაფრინდაშვილმა დღეს, "კინოს სახლში" დევნილებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"მთავარია, გამოვაფხიზლოთ საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებას დაშინებული ჰყავს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ მხოლოდ ხალხს შეუძლია აიძულოს ხელისუფლება, გადადგას ქმედითი ნაბიჯები მათი ცხოვრების საკეთილდღეოდ ან მოგვცენ საშუალება, სამართლიანი, რიგგარეშეEარჩევნების ჩატარების", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
ამასთან, შეხვედრაში მონაწილეებმა ხელისუფლება დევნილთა მიმართ სოციალურ-პოლიტიკურ ტერორში დაადანაშაულეს, რომელთა შეფასებითაც, მთავრობა იძულებით გადააგილებულ პირებზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებს, რაც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ეწინააღმდეგება.
სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან პერმანენტულად გაიმართება.